შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, გასაღებისა და მომზადების საქმეზე 1996 წელს დაბადებული და 2001 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაგეგმეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და ე.წ “დადების მეთოდით” გასაღება. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება”, — განაცხადეს შსს-ში.
უწყების თქმითვე, მათ წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების “დადება” სცადეს, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.