,,თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი ნახეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
„დღეს დილით გლდანის მე-5 მკრ-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში 62 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ბინაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო საგამოძიებო და “თბილისი ენერჯის” სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების ადგილზე მისვლის შემდეგ, სპეციალური აპარატურით შემოწმდა გაზგაყვანილობა.
ბინაში აღმოჩნდა აკრძალული, კუსტარულად დამონტაჟებული მკვლელი, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი. ბინაში სადაც მამაკაცი სავარაუდოდ CO-თი დაიღუპა, რამდენიმე თვის წინ „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა გეგმიური შემოწმებისას კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარი აღმოაჩინეს და ჩახსნეს ქსელიდან.
ბინაში მცხოვრებლები კი გააფრთხილეს, თუმცა მოგვიანებით როგორც აღმოჩნდა მათ კვლავ თვითნებურად დააერთეს აკრძალული და საშიში ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი, რაც სავარაუდოდ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა”,- აცხადებს კომპანია.
კომპანია აბონენტებს აფრთხილებს, რომ კატეგორიულად აკრძალულია დახურულ სივრცეში ღია კამერიანი გაზის გამათბობლების და წყლის გამაცხელებლების (ე.წ. კალონკების) მოხმარება.