კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 08:06

თეა წულუკიანის აზრით ვატო წერეთელზე ოცნების დეპუტატების თავდასხმა ადასტურებს, რომ ოცნების წევრები მუდმივი თავდასხმის ქვეშ არიან

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი თვლის, ამერიკის საელჩოში “ტვ პირველის” დამფუძნებელზე ოცნების დეპუტატების თავდასხმის ინციდენტი ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მუდმვი თავდასხმისა და შეურაცხყოფის ქვეშ არიან.

წულუკიანის აზრით  მმართველ გუნდს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე მართებს, რადგან “აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს, ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე”. წულუკიანის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

“ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს და ადასტურებს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ სწორედ ამ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელსაც „ტვ პირველი“ დაერქვა, მისი ხელმძღვანელისა და დამფუძნებლების დავალებებით გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ ბავშვებს, ვინც იქ დახვდებათ, აშინებენ პენსიონერ მშობლებს. ამის მსხვერპლი ჩვენც ვყოფილვართ, მე და ჩემი ოჯახი და ეს ინციდენტი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. შესაბამისად, მთავარი, რაც მინდა, დღეს ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ გვმართებს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან როგორც ჩანს, აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს, ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე.

ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა, განსაკუთრებით პოლიტიკაში მყოფმა პირებმა, რაც არ უნდა ძნელი იყოს, გამოვიჩინოთ მეტი მოთმინება, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ხან მოვითმენთ, ხან აღმოჩნდა, რომ ვერ მოვითმინეთ”, – ამბობს წულუკიანი. 

წულუკიანის თქმით, ათი წელია, “ქართული ოცნება” მოთმინებითაა დაკავებული.