თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა

თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდა არის.

“მივიღეთ გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის ცენტრის ჩაკეტვის, რადგან მაქსიმალურად შევზღუდოთ კომუნიკაცია და მივიღოთ პრევენციული ყველა საჭირო ზომა იმისთვის, რომ არ მოხდეს დაავადების ფართო გავრცელება…. შესაბამისი პოლიციური და თავდაცვის დანაყოფებმა შეისწავლეს გეოგრაფია. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ცენტრი, ყველა გასასვლელი და შემოსასვლელი იქნება ჩაკეტილი”,- თქვა მან რუსთავი 2-თან საუბარში და აღნიშნა, სამ სოფელში ვირუსის ერთეული შემთხვევებია და ჩაკეტვის საჭიროება არ არსებობს.

კარანტინი გამოცხადდა თეთრიწყაროს საავადმყოფოშიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 20-მდე შემთხვევა დადასტურდა. მისივე თქმით, უმეტესობა მათგანი სამედიცინო პერსონალია.