თეთრი სახლი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს უკრაინის დახმარების გამო დაღლილობის შესახებ

თეთრმა სახლმა უარყო კრემლის მოსაზრება, რომ დასავლეთის დაღლილობა უკრაინის დახმარების გამო გაიზრდება და რომ წინააღმდეგობები გაიზრდება კიევის დასავლელ პარტნიორებს შორის.

„უკრაინის უკან ძლიერი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო კოალიცია დგას. თუ პუტინი ფიქრობს, რომ მას შეუძლია ჩვენზე დიდხანს გაძლოს, ის ცდება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მალე გამოაცხადებს უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის სრულიად აბსურდული სპონსორობით დაღლილობა გაიზრდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში“.

 

„ეს დაღლილობა გამოიწვევს პოლიტიკური ისტებლიშმენტის ფრაგმენტაციას და წინააღმდეგობების გაზრდას“, – დასძინა მან.