ამერიკა ჩინეთის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტს უცხადებს. გადაწყვეტილება ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, თებერვალში პეკინში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელი დიპლომატები არ გაემგზავრებიან.
საუბარია დიპლომატიურ ბოიკოტზე, რომელიც ამერიკელი სპორტსმენების შეჯიბრებებში მონაწილეობას ხელს არ უშლის. სპორტსმენები ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა ოფიციალური დელეგაცია ვაშინგტონიდან პეკინში არ გაემგზავრება. თეთრი სახლის გადაწყვეტილებით ანალოგიური მიდგომა შენარჩუნდება პარაოლიმპიურ თამაშებზეც.
გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა, ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, სადაც ბაიდენმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია პეკინის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე ფიქრობდა.
ვაშინგტონსა და პეკინს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების მიზეზი ადამიანის უფლებებია. საუბარია ჩინეთში მილიონობით მუსლიმი უიღურის დაკავებასა და ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული ძალების დარბევასა და დევნაზე.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ საკის, თქმით ვაშინგტონი ჩინეთისგან ადამიანის უფლებების დარღვევას არ შეეგუება. საკი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ჩინეთისთვის მკაფიო გზავნილია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე თვალს არ დახუჭავს.
სანამ თეთრ სახლში განცხადება გაკეთდებოდა, მოსლოდნელი დიპლომატიური ბოიკოტის შესახებ წყაროზე დაყრდნობით, ამერიკულმა ტელეარხმა „სიენენ“-მა გაავრცელა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პეკინში გამოეხმაურნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჟაო ლიჯიანმა თქვე, რომ თუ ვაშინგტონი ბოიკოტს გამოუცხადებდა ოლიმპიურ თამაშებს პეკინი „კონტრზომებს“ მიიღებდა. ჩინეთში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტ ბაიდენზე ზეწოლას ამერიკელი კანონმდებლები ახდენდნენ. ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წლის 4-20 თებერვალს გაიმართება.
ოლიმპიური თამაშებისთვის ვაშინგტონს ბოიკოტი წლების წინაც გამოუცხადებია. ასეთი შემთხვევა 1980 წელს დაფიქსირდა. როდესაც პრეზიდენტმა ჯიმ კარტერმა სრული ბოიკოტი გამოუცხადა მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადას. მაშინ ვაშინგტონის პოზიცია, საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში შეჭრამ გამოიწვია. მოსკოვში არა მხოლოდ ამერიკელი დიპლომატების ჩასვლა აიკრძალა მასში მონაწილეობა სპორტსმენებსაც აეკრძალათ.
წყარო: ამერიკის ხმა