თეთრპერანგიანი კაცის ვინაობა დადგენილია, ის ავთანდილ ბილანიშვილი არ არის – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე კაწროს ადვოკატი, თამარ აბესაძე აცხადებს, რომ გამოძიებამ დაადგინა თეთრპერანგიანი მამაკაცის ვინაობა და ის ბილანიშვილი არ არის. მისი თქმით, ის შაქარაშვილის საქმეში მონაწილე პირებს არ იცნობს და მათთან შეხება არ ჰქონია.

“ავთანდილ ბილანიშვილის ამ საქმეში რაღაცა ფორმით მიკვრა არის პოლიტიკური ამბიციების ფონი. ხომ გესმით, რატომაც?! არ იცნობს არავის. ბილანიშვილმა მისცა ამომწურავი ჩვენება იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ მოქმედებს ეს დღეები და ეს არ შეიძლება. ავთანდილ ბილანიშვილი ვისი მეგობარია, ეს არ უნდა იყოს ვინმესთვის შემაწუხებელი”,– ამბობს ადვოკატი.

აბესაძისვე თქმით, ამ საქმეს პოლიტიკური ელფერი დაკრავს.

კადრების გავრცელების შემდეგ, რომელშიც ჩანს, რომ თეთრპერანგიანი მამაკაცი დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოდის და გურამ ამირხანაშვილს ხვდება, დღეს გამოძიებამ ავთანდილ ბილანიშვილი დაკითხა. მთავარი არხი ვარაუდობს, რომ კადრებში ბილანიშვილია აღბეჭდილი, თუმცა ეს ინფორმაცია შსს–ს არ დაუდასტურებია.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, თეთრპერანგიანი მამაკაცი “კაწრო” არ არის და ამაზე გამოძიებას მსჯელობა უკვე ჰქონდა.