თელავის რაიონულმა სასამართლომ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულს, ყოფილ პოლიციელ ვანო ზანდარაშვილს, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, 12-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლეს დაცვის მხარემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გაუქმების მოთხოვნით მიმართა, რაც არ დაკმაყოფილდა.
11 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.
“გაუცნობიერებლად ვმოქმედებდი და აქედან გამომდინარე, არა მგონია, ვინმეს გაუჩნდეს იმაზე კითხვის ნიშანი, რომ მე განზრად მკვლელობა ჩავიდინე. მე არ მინდა, ვიყო უსამართლო ბრალდების მსხვერპლი და ძალიან მომაკვდინებელია ის ბრალდება, რაც წაყენებული მაქვს – განზრახ მკვლელობა, მით უმეტეს, დამაძიმებელ გარემოებაში. მე განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში არ ჩამიდენია, მე რაც ჩავიდინე, პირველივე დღიდან, პირველივე წუთიდან მზად ვარ, ვაგო პასუხი არა ისე, რომ ვინმემ სახლში გამიშვას, როგორც გაჟღერდა, ან ისე, რომ რამე შეღავათები გავრცელდეს. არა, იმ ქმედებაზე ვაგო პასუხი სრული სიმკაცრით, რა ქმედებაც მე ჩავიდინე, არა იმაზე, რაც მე არ ჩამიდენია”,- თქვა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, 2020 წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.
გამოძიება, ვანო ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.