თელავში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ორი მათგანი დაშავდა. ერთ-ერთი სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობით მკურნალობის კურსს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადის, მეორეს კი დაზიანება თავის არეში ბასრი საგნით აქვს მიყენებული, რის გამოც თბილისში ერთ- ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებს უბანში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რის გამოც, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გაუფრთხილობლობით გულისხმობს.