თემურ ალასანია მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება – შსს

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოკითხვაზე დაიბარეს. შსს-ს ცნობით, ის კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საქმეზეა დაბარებული.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იქნა – თემურ ალასანია. ალასანიამ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა, შესაბამისად იგი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე სასამართლოში გამოიკითხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გრძელდება”,- აცხადებს უწყება.

საქმე ეხება 2018 წელს ერთ-ერთი უკრაინული ვებგვერდის მიერ ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელებას, რომელშიც, მათი ცნობით, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ალასანიას საუბარია ასახული.