საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გახარიამ და აქუბარდიამ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. 26 ოქტომბერს, არჩევნებში ისინი ერთად მიიღებენ მონაწილეობას.აქუბარდია აცხადებს, რომ გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბრის არჩევნებზე შეუძლებელი იქნება.
- “ბრძოლას ვაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდიდან, იმ საქართველოსთვის, რომელიც არის ევროპული, სადაც არის რეალური მშვიდობა, უსაფრთხოება და სადაც არის ევროპული ტიპის კეთილდღეობა.მინდა გითხრათ, რომ არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება არის ნამდვილად რეფერენდუმი და არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მინდა გითხრათ ორი მიზეზი, რის გამოც ვარ ამ გუნდში. ერთი არის ის, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება გიორგი გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე და მეორე, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს, საპარლამენტო გუნდთან ერთად – კეთილსინდისიერება, ზომიერება და თანმიმდევრულობა. შესაბამისად, დღეიდან უკვე გავაგრძელებ ბრძოლას და თქვენთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ქვეყნის რეალურ მშვიდობას, სუვერენიტეტს, ევროპულ მომავალსა და კეთილდღეობას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას”. – თქვა აქუბარდიამ ბრიფინგზე.
- “მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი. ის დიდი ხანია, მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული და გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.გარდა ამისა, როგორც ფაქტი, თქვენც იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, რომელიც გახლავთ დამოუკიდებელი დეპუტატი, ძალიან ეფექტურად თანამშრომლობდნენ. მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამის ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება და შედეგი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას”. – თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ.