“მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან” – აცხადებს ამის შესახებ, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი, ქეთი თურაზაშვილი. მისი თქმით, ჯაფარიძემ მის მამას, ალექსანდრე თურაზაშვილს სატელეფონო საუბრის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტიდან 1 საათში კი მამამისი გარდაიცვალა.
“ჩემი მამა, ალექსანდრე თურაზაშვილი, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში პარტია მოქალაქეებს წარმოადგენდა, მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და უბნების დასათვალიერებლად დადიოდა. იმის გამო, რომ მას არცერთი პასუხისმგებელი პირი უბნებზე არ დახვდა, მიზეზის დასადგენად რამდენიმე უბნის თავმჯდომარეს დაუკავშირდა. აღნიშნულის შესახებ აცნობეს საოლქო კომისიის წევრს და ოცნების პოლიტიკის ინტერესების გამტარებელ თეონა ჯაფარიძეს, რომელიც გაღიზიანდა ალექსანდრეს საქმიანობით, დაურეკა მას და წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. ამ სატელეფონო საუბრიდან ერთ საათში მამა გარდაიცვალა. მამამ დამირეკა 12:31 საათზე, მომიყვა ჯაფარიძესთან საუბრის დეტალები, ის აღელვებული იყო და აღნიშნა, რომ საკადრისი პასუხი არ გასცა თეონა ჯაფარიძეს, არ უპასუხა არაფერი, რასაც ეს უტიფარი ქალი იმსახურებდა. 13:17 წუთზე უკვე დედამ დამირეკა და მითხრა, რომ მამა გარდაიცვალა. ჯაფარიძის ზარსა და მამას გარდაცვალებას შორის შუალედი 60 წუთზე ნაკლებია. […] მოვითხოვ გიორგი კალანდარიშვილისგან, მიიღოს შსაბამისი ზომები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს თეონა ჯაფარიძე თანამდებობიდან, იმისთვის, რომ დავიცვათ მისგან სხვა ადამიანები, მოხდეს პრევენცია და მან ვეღარ შეძლოს სხვების დაზიანება. ასევე, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ამ ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება უტიფრობა, თავხედობა, აგრესია, სიძულვილის ენის გამოყენება, უპასუხისმგებლობა და უზრდელობა” – თქვა თურაზაშვილმა.