არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის, თერჯოლის მერის ყოფილმა მოადგილემ ჯამში 401 ათასი ლარის 6 ტენდერი მოიგო, აქედან 4 უკონკურენტოდ.
შპს “საგო” თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ღვანკითში 2017 წელს დარეგისტრირებული კომპანიაა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ნაომი სარდანაძეა, რომელიც 2017 წლის ჩათვლით თერჯოლის მერის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
შპს ,,საგოს” 2018 წლიდან 12 ელექტრონულ შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 6 ტენდერში გაიმარჯვა. კომპანია ერთ შემსყიდველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტზე დამოკიდებული მიმწოდებელია.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2018 წლის 29 მაისს, პირველი გამარტივებული შესყიდვა, რომელიც თერჯოლაში სტიქიით დაზიანებული ხიდის აღდგენას ითვალისწინებდა, შპს ,,საგომ” უკონკურენტო გარემოში მოიგო, სამუშაოების ღირებულებამ 12 304 ლარი შეადგინა. ჯამში 4 უკონკურენტოდ მოგებული ტენდერის ღირებულება 274 817 ლარია.
“ამჟამად ნაომი სარდანაძის კომპანიას თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამი მიმდინარე ტენდერი უფიქსირდება:
- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ქალაქში რუსთაველის ქუჩის გასწვრივ არსებული ღობის რეაბილიტაცია, ღირებულება 138,997 ლარი.
- თერჯოლაში სხვადასხვა ლოკაციაზე სანიაღვრე არხების მოწყობა. ხელშეკრულების თანხა განისაზღვრა 26 946 ლარით;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისგან დაზარალებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 77 945 ლარია”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.