თერჯოლის მუნიციპალიტეტეში სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დღეს დილის 6 საათიდან ჩაიკეტა. ადგილზე მოეწყო 5 ბლოკ-საგუშაგო, რომელიც სოფლის ტერიტორიას გააკონტროლებს.

მოსახლეობას სოფელში შესვლის და მისი დატოვების საშუალება არ აქვს.

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე ამბობს, რომ ამ სოფელში კორონავირუსის 10 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დიდი რისკია.

,,გუშინ კიდევ 4 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია. ფაქტობრივად, კრიზისული ფაზა მათ გადავლილი აქვთ, თუმცა სარისკოა მოსახლეობასთან კონტაქტი და, რა თქმა უნდა, ისინი გადაყვანილი გვყავს ინფექციურ საავადმყოფოში. მანამდე იყო 6 ინფიცირებული და ჯამში ამ სოფელში კოვიდინფექცია 10 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 8 არის ანტისხეულებით დადებითი და 2 – ოქროს სტანდარტით დამტკიცებული. ფაქტობრივად, ერთ სოფელში 10 ინფიცირებული უკვე დიდი რისკია,“- განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, მოსახლეობის სკრინინგი უკვე დაწყებულია.