თვალჭრელიძეზე, სადაც გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ 4 პირი დააკავა

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, სადაც გამოსახლეობის პროცესი მიმდინარეობს, პოლიციამ 4 პირი დააკავა. ოთხივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

დაკავებას წინ უძღოდა ადგილობრივების პროტესტი, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ავეჯის გადასატანი მანქანის გამოჩენას მოჰყვა, რომელსაც კორპუსთან შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ. პოლიციამ მათ ტერიტორიის გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რასაც ისინი შეეწინააღმდეგნენ, შედეგად კი რამდენიმე პირი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.