თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობამ იცოდა გამოსახლების შესახებ – აღსრულების ეროვნული ბიურო

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოსახლეობას ჰქონდა ინფორმაცია საჭირო გამოსახლების შესახებ.

“აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.
საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოვიდა 2024 წლის 11 ივნისს და ერთი წლის განმავლობაში, აღსრულების პოლიციელებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, ინდივიდუალურად განხორციელდა მისამართზე მყოფი ყველა პირის სოციალური სტატუსისა და საჭიროებების განსაზღვრა. ათეულობით ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ მისამართზე მუდმივად ცხოვრობდა 39 ოჯახი. მათგან დევნილისა და სოციალურად დაუცველი სტატუსი მქონე პირებმა თბილისის მერიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაგან მიიღეს დახმარების შეთავაზებები.
გამოსახლების პროცესი, მისი დაწყებიდან გადადებული იყო ორჯერ, რითაც მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულებისთვის. სწორედ ამ კომუნიკაციის შედეგად, კრედიტორმა მისამართზე უკანონოდ მცხოვრებ პირებს შესთავაზა ერთჯერადი კომპენსაცია ან ბინის ქირით უზრუნველყოფა, რასაც მობინადრეთა უმეტესი ნაწილი დღეს დაეთანხმა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით, მუშაობის პროცესში მიმდინარეობდა მაცხოვრებელთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და პროცესისათვის მომზადება. დეტალურად იქნა ახსნილი, თუ რას მოიცავს გამოსახლების პროცესი და რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობას.
ასევე, განსაკუთრებით ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შენობა-ნაგებობები იყო საცხოვრებლად საშიში. მორყეული იყო მზიდი კედლები, რასაც კიდევ უფრო საშიშს ხდიდა იქ მიმდინარე თვითნებური სარემონტო სამუშაოები. საქმეში დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შენობა ნაგებობების უკიდურესად მძიმე მდგომარეობას ადასტურებს”, -ნათქვამია ბიუროს განცხადებაში.

ამ დროისთვის, ადგილზე რჩებიან რჩება მცხოვრებთა ნაწილი, გარდა ამისა, აქ შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოსახლებულების მიმართ სოლიდარობისთვის მოვიდნენ.

ცნობისთვის, დღეს თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა – ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.