“თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს რუსეთს” – ჯაბა ნათენაძე პროტესტის ნიშნად მერიის მრჩეველთა საბჭოს ტოვებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი და სამოქალაქო აქტივისტი ჯაბა ნათენაძე, პროტესტის ნიშნად ახალციხის მერიასთან არსებულ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ტოვებს.  ამის შესახებ, ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ”თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს”.

”მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, როგორც შემიძლია, ჩემ კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, რაც არ უნდა ეცადონ არასოდეს, არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდები ღირსების შემლახავ რეესტრში, როგორც უცხოური ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, მე მხოლოდ ერთი ქვეყნის საქართველოს ინტერესს ვატარებ და ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთებამდე.

სამწუხაროდ, როგორც თქვენთვის ცნობილია ჩვენი თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს კანონს, რომელიც მოსწონს მხოლოდ რუსეთს და რომლის მიღებისგან თავის შეკავებისკენ ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყანა მოგვიწოდებს, კანონს რომლის მიღების შემთხვევაშიც შესაძლოა ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და დაუცველი დაგვტოვოს ჩვენი მტრის რუსეთის პირისპირ.

ამიტომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო.

მანამ სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიმობს, მსგავს ფორმატში თანამშრომლობის აზრს ვერ ვხედავ.

ხვალვე მივმართავ წერილით ბატონ მერს. ”- წერს ჯაბა ნათენაძე სოციალურ ქსელში.