ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ეფექტს იქონიებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ მოხსნილი შეზღუდვები.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია. გარდა ამისა, მისივე რეკომენდაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის პირველ ეტაპზე, მგზავრები ერთმანეთის გვერდით არ უნდა დასხდნენ. მისივე თქმით, შესაძლებელია მათი განთავსება რიგის გამოტოვებითაც.
„ამ ეტაპზე ვეთანხმები იმ რეკომენდაციებს, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს და ტრანსპორტის ამოქმედება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე სარისკო. ყველა ქვეყანა ასე, ეტაპობრივად აკეთებს აღდგენას, მხოლოდ სომხეთმა მოხსნა ყველაფერი და უკვე საშინელი შედეგი მიიღო, პატარა ქვეყანას 6 000 ინფიცირებული ჰყავს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში სწორია. მე არ ვარ ამის პირდაპირი სპეციალისტი, არ მაქვს გათვლები, რომელი შეზღუდვის მოხსნა კონკრეტულად რა ეფექტს გამოიწვევს. მაგალითად, რა ეფექტს გამოიწვევს მანქანაში 3 -ზე მეტი კაცის ჩაჯდომა, ან რა ეფექტს გამოიწვევს „კომენდანტის საათის“ მოხსნა, ან რა ეფექტს გამოიწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და ა.შ. მაგრამ მიმაჩნია, რომ სწორად განაწილდა შეზღუდვების მოხსნის პრიორიტეტულობა. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ეს ყველაზე მწვავე თემაა, რადგან ეკონომიკა რომ ამოქმედდეს და ზოგადად, ცხოვრება გაიხსნას, ელემენტარულად გადაადგილების საშუალება უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაზე დიდი რისკის შემცველია ეს, იმიტომ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მცირე სივრცეა და იქ შესაძლებელია გადადება. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ დასაწყისში ავტობუსებში მაგალითად, თითო რიგში თითო ადამიანი დაჯდეს და არა – ორი ადამიანი, ანუ ერთმანეთის გვერდით რომ არ დასხდნენ. ასევე, შეიძლება რიგის გამოშვებით დასხდნენ. უნდა მოიხსნას საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა, მაგრამ დღეს არა. კონკრეტულად როდის, ამ ვადებს ასე ვერ ვიტყვით. ხომ მოიხსნა რაღაც შეზღუდვები, ახლა უნდა ვნახოთ ამ მოხსნის შედეგი. თუ მოხსნის შედეგად შევინარჩუნებთ იმ მდგომარეობას, რაც გვაქვს ან მომატება არ იქნა ძალიან დიდი (ვთქვათ, 20 შემთხვევაზე მეტი თუ არ იქნა), მერე უნდა გადავიდეთ მოხსნის შემდეგ ეტაპზე, მათ შორის ტრანსპორტის აღდგენაზე. ანუ ასე კონკრეტული თარიღი რომ დავთქვათ, როდის მოიხსნება ტრანსპორტზე შეზღუდვა, არ იქნება სწორი. უნდა მოვხსნათ იმის მიხედვით, თუ რა შედეგებს მოიტანს უკვე გაკეთებული მოხსნები,“ – განაცხადა ცერცვაძემ.
მისივე განცხადებით, მგზავრების რაოდენობის გაკონტროლება შეიძლება მოხდეს როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, მათში ადამიანების რაოდენობის გაკონტროლების მიზნით, შეიძლება დადგეს მაკონტროლებელი პირი როგორც ავტობუსებში, ასევე მეტროში. რაც შეეხება მგზავრების განთავსებას, აქაც იმავე პრინციპით: ერთ რიგში ორი კაცი არ დაჯდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროშიც და ავტობუსშიც მოგვარდეს და გაკონტროლდეს ვენტილაციის საკითხი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის წინაპირობა აუცილებლად უნდა იყოს გამართული ვენტილაცია,“ – განაცხადა ცერცვაძემ.