ქართული ოცნების თავმჯდომარე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “თმის ღერი არავის ჩამოვარდნია”, ხოლო ადამიანების “ძვლებში გადამტვრევა” ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა.
“გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, ეს არის პირველი პრინციპული საკითხი. მეორე საკითხი არის ის რომ, რაზეც საუბრობდა ოპოზიცია, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები იმ ადამიანებს მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ეს არის ნაცმოძრაობის ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს – თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, რაც არის ძალიან კარგი”,– ამბობს კობახიძე.
მისივე მტკიცებით, ჩანაწერები იმიტომ გავრცელდა, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებები ჩაეშალა.
“ჯერ გავრცელებულიც არ იყო ჩანაწერები, როდესაც უკვე დაიწყო ოპოზიციამ ლაპარაკი იმაზე, რომ მათ აღარ სურდათ მოლაპარაკებების გაგრძელება. ეს მათ სულისკვეთებაზე მეტყველებს. თუ ისინი არიან მოწადინებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და დასრულდეს წარმატებით, მაშინ მათ ექნებოდათ განსხვავებული პოზიცია”,– აღნიშნავს კობახიძე.