“თრომბოემბოლია იწვევს უეცარ სიკვდილს, ექიმი უძლურია“–გამყრელიძე კოვიდსასტუმროში გარდაცვლილ ქალზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბათუმის კოვიდ სასტუმროში 41 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა, რომელიც უეცარ სიკვდილს იწვევს და ამ დროს ექიმები უძლურები არიან.

“სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ვისაც ექიმად უმუშავია და სამწუხაროდ უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის როცა შენ, ექიმს, არაფერი არ გძალუძს. დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, რომელიც იწვევს უეცარ სიკვდილს”, – განაცხადა გამყრელიძემ ფორმულას ეთერში.

რაც შეეხება კითხვას, კოვიდ სასტუმროს ნაცვლად პაციენტის საავადმყოფოში მოთავსების შემთხვევაში იქნებოდა თუ არა შესაძლებელი მისი გადარჩენა, გამყრელიძემ უპასუხა, რომ თრომბოემბოლიის დროს მცირედი შანსი მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია.

“ეს განვითარდება სასტუმროში, ქუჩაში თუ სამედიცინო დაწესებულებაში, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც პატარა შანსი არსებობს, თუ ის ვითარდება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარაში 15 ოქტომბერს, კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში იყო მოთავსებული, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.