თსუ-ს სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, კობახიძის საგანი ამოშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროტესტის ნიშნად, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, გიორგი კახიანის საგანები ამოშალეს.

ირაკლი კობახიძე და გიორგი კახიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს უკითხავენ საგანს – “საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი”.

სტუდენტები აცხადებე, რომ მათ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მიმართეს და სთხოვეს, რომ იგივე საგანი სხვა ლექტორებმა წაიკითხონ რადგან აღნიშნული საგანი არის სავალდებულო.

“რადგან ჩემთვის მიუღებელი იყო კობახიძის ზოგადი პოლიტიკური მოღვაწეობა და ის, რასაც ის აკეთებს, კერძოდ, იმ პრინციპების და ღირებულებების უარყოფა, რაც თავის წიგნშიც კარგად უწერია, გადავწყვიტეთ, დეკანატში მივსულიყავით მე და რამდენიმე სტუდენტი და მოგვეთხოვა ადგილების დამატება სხვა ლექტორებისთვის, როცა ჩვენ და ბევრ სტუდენტს, ვისაც არ სურდა კახიანთან და კობახიძესთან საგნის ქონა, მოგვცემოდა შესაძლებლობა, გადავსულიყავით სხვა ლექტორებთან. გარდა მისი პოლიტიკური მოღვაწეობისა იყო ის, რომ როცა ის თავის წიგნში საუბრობს იმაზე, რომ სახელმწიფოს განვითარებისთვის და დემოკრატიული მომავლისთვის აუცილებელია სამართლებრივი სახელმწიფო და ადამიანთა უფლებების პრინციპის დაცვა სახელმწიფოს მიერ, მეორე დღეს კი საკუთარ თუ სხვის სტუდენტებს და სხვა მოქალაქეებს მხუთავი აირით გუდავს და ეს თავისთავად არის სტუდენტის მოტყუება და იმ ღირებულებების უარყოფა, რაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის”, – აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი “ფორმულასთან” საუბარში.