თუნდაც მოღალატეს უფლება აქვს საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს, ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია – ნაკაიძე

“თუნდაც მოღალატეს უფლება აქვს საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს, ასლან აბაშიძის ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია” – ეს განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა ტარიელ ნაკაიძემ, “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვისას გააკეთა.

“პირადად მე ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდში არა ერთი პრობლემის წინაშე აღმოვჩენილვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამნისტია უფრო ჰუმანური აქტი იქნება, თუ ადამიანს, რომელიც პრაქტიკულად ქვეყნისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, უფლება მივცეთ, ქვეყანაში მინიმუმ დაიკრძალოს და ამ მიწაზე მოკვდეს. მსგავსი ადამიანების ამნისტირება პრობლემად არ მიმაჩნია, თუნდაც იმის გამო, რომ მისი ბაბუა მემედ აბაშიძე მთავარი ფაქტორი იყო იმისა, რომ დღეს აჭარა საქართველოს ერთიანების ქვეშ არის. ამიტომ რაღაც მორალური სიტუაციაც გვაქვს, რომ ასლან აბაშიძე თავის ქვეყანაში დაბრუნდეს. მან პასუხი აგო იმაზე, რაც ჩაიდინა – თუნდაც მოღალატეს, თუნდაც ისეთ ადამიანს, ვინც დიდი დანაშაული ჩაიდინა, აქვს უფლება საკუთარ სამშობლოში დაიმარხოს“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.