უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, “ოპოზიციური ველი მოსუფთავდება” და მათ ადგილს სხვები დაიკავებენ.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას არა მედიატორის ჩართულობა, არამედ ქუჩაში დგომა და “სტვენა” უნდა.
„თუკი ოპოზიცია არ შემოვა პარლამენტში, უბრალოდ, მათი სახელი დავიწყებას მიეცემა, ოპოზიციური ველი მოსუფთავდება და ახალი ოპოზიციური პარტიები აღმოჩნდებიან, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. კარგი იქნება, ეს გაითავისოს და გაითვალისწინოს ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა, მათმა მხარდამჭერებმაც და მთლიანად პარტიებმა. თუმცა, მხარდამჭერებს რაც შეეხება, როგორც ჩანს, მათ ეს გათავისებული აქვთ, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა.
ჩვენ მზად ვართ ვადამდელი არჩევნებისთვის, თუ არჩევნები გაყალბდა. თუ არ გაყალბდა, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მთავრობა ფუნქციონირებდეს, ვიღაცას შედეგი არ მოსწონდეს, ამის გამო არჩევნები ტარდებოდეს. მართლა ვეუბნები ოპოზიციას, კიდევ ერთხელ მივმართავ, 2024 წლამდე მათი ადგილი ამ პოლიტიკაში არ დარჩება, თუ ახლა პარლამენტში არ შემოვლენ იმიტომ, რომ ქუჩაში დარჩებიან. მათ ადგილს სხვები დაიკავებენ, მე მათ ვაფრთხილებ“,- თქვა სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.