ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ფიქრობს, რომ საქართველოში ტურიზმი შესაძლოა 50%-ით აღდგეს.
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი. ვფიქრობ, აღდგენა 30 პროცენტზე მეტი იქნება, შესაძლებელია 50 პროცენტამდეც იყოს. რა თქმა უნდა, ბევრი რამ დამოკიდებულია გლობალურ პანდემიაზე, მაგრამ ვაქცინაცია დაწყებულია, განწყობა არის ძალიან კარგი, ვხედავთ, რომ მრავალრიცხოვანი ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნებიდან უკვე გვსტუმრობენ”,– განაცხადა მინისტრმა მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე.
თურნავას თქმით, საქართველოში გაიზარდა ტურისტების ჩამოსვლა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ევროკავშირიდან და მეზობელი ქვეყნებიდან.
„მადრიდის გამოფენაზე ვხედავთ გაზრდილ ინტერესს, რომ ევროპელი ტურისტები მეტად ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩვენს სამეზობლოდან ტურისტების უფრო აქტიურ ჩამოსვლას ხელს შეუწყობს სახმელეთო საზღვრების გახსნა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ საზაფხულო სეზონისთვის მოვახერხებთ უსაფრთხოდ, ძალიან სერიოზული კონტროლით, გავხსნათ სახმელეთო საზღვრები დაახლოებით იგივე წესით, როგორც ჩვენ საჰაერო საზღვარი გვაქვს გახსნილი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.