„თურქეთის ავიახაზები“ 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს

„თურქეთის ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება ივნისიდან ეტაპობრივად, სამთვიანი გეგმის ფარგლებში განახლდება.

როგორც სააგენტოს სარწმუნო წყარომ განუცხადა, ივნისიდან ფრენები 22 მიმართულებით, 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში განახლდება.

თურქეთი ფრენების აღდგენას საქართველოს გარდა შემდეგ ქვეყნებშიც აპირებს: კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, სინგაპური, დანია, შვედეთი, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები,ბელგია, ბელორუსია, ისრაელი, ქუვეითი და ლიბანი.

თავდაპირველად „თურქეთის ავიახაზები“ კვირაში 75 რეისს განახორციელებს. ივლისსა და აგვისტოში კი როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მიმართულებების რაოდენობა გაიზრდება.

შეგახსენებთ, „თურქეთის ავიახაზებმა“ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად 28 მაისამდე შეწყვიტა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 129 491 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 73 285-ია.