თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს. შსს აცხადებს, რომ ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.

„დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.

დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები“, – აცხადებს შსს.