თურქეთი ეპიდემიის პიკზეა

თურქეთი კორონავირუსის გავრცელების ერთ–ერთ უმსხვილეს კერად იქცა მსოფლიოში აშშ–სა და ევროპის შემდეგ. პირველი დაინფიცირებულის გამოვლენიდან თვენახევარში ქვეყანაში 110 130 დაინფიცირებული და 2 805 გარდაცვლილია.

ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში შაბათ–კვირას კომენდანტის საათის რეჟიმი მოქმედებს. ბოლო დღეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეპიდემიის პიკმა შესაძლოა მალე გადაიაროს და მთავრობას იმედი აქვს, რომ რამადანის დასრულებისთვის შემზღუდავი ზომების გაუქმებას დაიწყებს.

ეპიდემია მძიმე დარტყმა გახდა თურქეთის ეკონომიკისთვის, რომელიც ისედაც რთულ მდგომარეობაშია ბოლო ორი წლის განმავლობაში შესუსტებული ეროვნული ვალუტის, გაზრდილი ვალების და მაღალი უმუშევრობის გამო. პანდემიამ თურქული საწარმოების მუშაობის პარალიზება გამოიწვია და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული სექტორი გაანადგურა.