თურქეთი მზად არის საკუთარი გემებით მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაციისთვის

თურქეთი მზად არის რუსული არმიის მიერ ალყაშემორტყმული მარიუპოლის მოსახლეობის ევაკუაცია საზღვაო გზით, საკუთარი გემებით მოახდინოს.

საპორტო ქალაქში ინტენსიური ბრძოლები და ალყა რამდენიმე კვირაა გრძელდება. ბევრმა მაცხოვრებელმა ქალაქიდან გააღწია, თუმცა იქ კვლავ რჩება 150 000 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, ვინც ინტენსიური დაბომბვის ქვეშ ცხოვრობს. ქალაქიდან სახმელეთო გზით მოსახლოების ევაკუაცია არაერთხელ ჩავარდა.

თურქეთის ინიციატივის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აკარმა თქვა, რომლის ციტატა სააგენტო ანადოლუმ გაავრცელა.

“ანკარას მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მოსახლეობის ევაკუაციის პროცესს, უკვე გავაცანით თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს“– თქვა მინისტრმა.

დღეს დილით უკრაინის ხელისუფლება ამბობდა, რომ დღეს–ხვალ ელოდებიან კარგ ამბებს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციასთან დაკავშირებით.