კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობას დასავლეთ ევროპის ქვეყნები და აშშ ინარჩუნებენ, თუმცა სულ უფრო იზრდება დაავადებულთა რაოდენობა თურქეთში.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფახრეტინ ქოჯამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კვირის მონაცემებით 86 000–ზე მეტი ინფიცირებული იყო. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩინეთის ოფიციალური მონაცემები ვირუსის დაფიქსირების დღიდან დღემდე.
მხოლოდ ბოლო 24 საათში თურქეთში 3977 ახალი შემთხვევა და 127 გარდაცვალება დაფიქსირდა. სულ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა თურქეთში 2017 ადამიანს შეადგენს.
არადა თურქეთი პირველ ეტაპზე ეპიდემიას ეფექტურად ებრძოდა. იმ დროს, როცა ევროპაში უკვე პანდემიის პიკი იყო, თურქეთში ვირუსის შემთხვევები არც კი დარეგისტრირებულა. პირველი შემთხვევა ქვეყანაში 10 მარტს დაფიქსირდა და მას შემდეგ ვირუსი იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ ამჟამად ქვეყანა დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა აშშ–ს, ესპანეთის, იტალიის, საფრანგეთის, გერმანეთის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.