თუ არჩევნების ბუნებრივი ბარიერით ჩატარებაზე შეთანხმება მოხდება, „სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ აპირებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ ოპოზიციაში შეთანხმება მოხდება, რომ არჩევნების პროპორციული წესითა და ბუნებრივი ბარიერით ჩატარების შესახებ კანონპროექტის დარეგისტრირების შემთხვევაში კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა, საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ აპირებს.

„ამ საკითხზე პარტიაში არ გვიმსჯელია. ჩვენთვის არსებითი საკითხი იყო და რჩება რიგგარეშე არჩევნების თარიღზე შეთანხმება, თუმცა ის, რომ შესაძლებელია ბარიერის საკითხის გადახედვა მოხდეს, რა თქმა უნდა, საინტერესოა. თუმცა ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. თუ საერთო ოპოზიციურ ფორმატში მოხდება შეთანხმება, რა პრობლემაა. საერთო ოპოზიციური შეთანხმების დარღვევას არ ვაპირებთ. საერთოდ ჩემი პირადი აზრია, რომ ბარიერის მომხრე ვარ. ევროპაში საშუალოდ ბარიერი 3%-ია. არაა პრინციპული საკითხი, თუ უნდათ ძალიან, ჩვენ განხეთქილების ვაშლად ვერ ვიქცევით. ცალსახად უბარიეროს ჯობია, რაღაც ბარიერი იყოს, რომ რაღაც ექსტრემისტული ჯგუფები პარლამენტში არ შემოვიდნენ“,- განაცხადა მანჯგალაძემ.