“ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტარები დადებითად აფასებენ, თუმცა შეცდომას უწოდებენ პარტიის გადაწყვეტილებას, ხელი არ მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.
ევროპარლამენტის წევრი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს:
“კარგია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის, მაგრამ ხელის არმოწერა დოკუმენტზე მათი მხრიდან შეცდომაა, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეთანხმება შარლ მიშელის ხელმძღვანელობით იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება ოპოზიციისთვის იქნა მიღებული, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომელიც ბოიკოტს აცხადებდა და ცვლილებებისთვის იბრძოდა, ეს ცვლილებები კი, რაც უნდა განახორციელონ, ახლა დოკუმენტშია ასახული.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა – თუ არ აწერ ხელს, მაშინ რისთვის იბრძოდი? რისთვის შედიხარ პარლამენტში, თუ შეთანხმება არაა შენთვის მისაღები? ეს შეთანხმება არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომ შეძლო მთავრობის კონტროლი, კერძოდ აკონტროლო მმართველი პარტია მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში. შესაბამისად, როცა “ნაციონალური მოძრაობა” არ აწერს ხელს დოკუმენტს, ამ დროს პარტია ჩანს, როგორც სუსტი – მოსთხოვოს მმართველ გუნდს შეთანხმების იმპლემენტაცია, საუბარია, ასევე, საარჩევნო, თუ სასამართლო რეფორმის გატარებაზეც. ამის შესახებ მე ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს, როცა ის რამდენიმე დღის წინ აქ იმყოფებოდა, თუმცა ეს, ცხადია, პარტიის გადასაწყვეტია.
ეს სამწუხარო ფაქტია ევროპის სახალხო პარტიისთვისაც. ხელის არმოწერა არ არის კარგი, პირველ რიგში, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, ისე – როგორც ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრისთვის. ეს ნაციონალურ მოძრაობას ასუსტებს. მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტს და მოაწერს ხელს დოკუმენტს,“ – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.
ევროპარლამენტის წევრი, პეტრას ავსტრევიჩუსი ამბობს, რომ თუკი პოლიტიკურ პარტიას სურს გავლენა მოახდინოს პროცესების მიმდინარეობაზე, ის ამ შემთხვევაში სრულად იყოს მასში ჩართული.
“მივესალმებით საქართველოს პარლამენტში ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაბრუნებას. ამავდროულად, ჩვენ ვწუხვართ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა 19 აპრილის ერთობლივ შეთანხმებას, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც ქართული პოლიტიკის მომავალის სტრატეგიისთვის ყველა ძალის კონსოლიდირებას ახდენს. შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს უფრო კონკურენტუნარიან სტრატეგიას გულისხმობდეს, მაგრამ ამ სტრატეგიას მე შევაფასებდი, როგორც მეტი დაკვირვება და ნაკლები მონაწილეობა.
ვფიქრობ, თუ გინდა ზეგავლენა მოახდინო მოვლენებზე, მანქანის უკანა სავარძლიდან ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ უნდა აკვირდებოდეს სიტუაციას. თუმცა, შესაძლოა, ეს ყველაფერი ამნისტიის კანონპროექტს უკავშირდებოდეს, რომელზე მსჯელობაც ჯერ არ დასრულებულა,“ – ამბობს პეტრას ავსტრევიჩუსი.