თუ არ გვეხმარებით ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით – გახარია ოპოზიციას

“თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით!”,– ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გახარიამ ოპოზიციას.

მისი თქმით, ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები მიმართულია არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„სამწუხაროა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ არის წამოდგენილი. ჯანსაღ დისკუსიაში და დავაში ყოველთვის უფრო ადვილად იბადება სიმართლე და სწორი გზა. იმის მიუხედავად, რომ ზოგს შეეშინდა, ზოგი ვერ გაერკვა, ზოგი მართლა ვერ მოერია ამბიციებსა და საკუთარი ვიწრო პარტიული ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, ჩვენ ქვეყანას ვერ გავაჩერებთ. ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს ვერ ავყვებით. როდესაც ჩვენ აქ ოპოზიციის გარეშე ვსაუბრობთ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ორმაგდება. ორმაგდება მარტივი მიზეზის გამო – ჩვენი მოქალაქეების წინაშე პასუხისმგებლობის ის წილი, რაც მათზე უნდა ყოფილიყო, ჩვენზე გადმოდის. ეს აბსოლუტურად სწორად უნდა იყოს გააზრებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.