“თუ არ ვილაპარაკეთ ერთმანეთთან, გამოსავალს ვერასდროს მოვძებნით “- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან გუშინ გამართულ საახალწლო მიღებას გამოეხმაურა.
“გუშინდელ შეხვედრას და გზავნილებს დავარქმევდი მცდელობას პრეზიდენტის მხრიდან, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, მე ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან “ქართულ ოცნებას” არანაირი სურვილი არ აქვს პროცესი თანხმობისკენ წავიდეს და ამას მათი განცხადებებიც ადასტურებს. თუმცა, ჩვენ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ წნეხის გაძლიერების “ქართულ ოცნებაზე”. “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისი აღმოიფხვრას. თუმცა, ამისთვის აუცილებელია “ქართული ოცნების” იძულება, რომ ნაბიჯები გადაიდგას. საერთოდ, თუ არ ვილაპარაკეთ ერთმანეთთან, გამოსავალს ვერასდროს მოვძებნით. პირობები რა უნდა დავაყენოთ, ყველა პირობა დარღვეულია “ქართული ოცნების” მხრიდან, კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარს წინ არაფერი უდგას, ყველა მექანიზმი და შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, წინაპირობებზე საუბარი არასწორია,”- განაცხადა ვაშაძემ.