ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ პროკურატურის შუალედურ შედეგებს და ამბობს, რომ ამ საქმეს არაფერი ეშველება.
მისი თქმით, რასაც პროკურატურა ამტკიცებს, საწინააღმდეგო თავად დაადასტურეს ღარიბაშვილმა, ჩუბინიძემ და ბერა ივანიშვილმა.
“თუ ბერა ივანიშვილი იყო არასრულწლოვანი, ჩვენი პრემიერ-მინისტრი, ბეყე ღარიბაშვილი კი იყო სრულწლოვანი, რომელსაც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. რაც არ უნდა ამტკიცონ და არკვიონ ახლა და მინისტრები კი არა, მილისტრები იყვნენ თურმე, ამ საქმეს არაფერი ეშველება მარტივი რამის გამო: ჯერ ერთი პრემიერმა ღარიბაშვილმა თავად დაადასტურა, რომ მინისტრებზე საუბრობდა და ანზორ ჩუბინიძემ პირდაპირ თქვა, რომ დადიოდა კარ–კარ და კონკრეტულ ბავშვებს ეძებდა, ვინც ბერას რაიმე კომენტარს უწერდა.
ასევე, ბერა ივანიშვილმაც თავად დაადასტურა, რომ ისევ ასე მოიქცევა, თუ შეურაცხყოფას მიაყენებენ. ეს არის კონკრეტული ძალადობრივი დანაშაული, რაზეც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება ეკისრება ყველა დამნაშავე ფიგურანტს”,– ამბობს ხაბეიშვილი მთავართან საუბრისას.
პროკურატურის მტკიცებით, “TV პირველის” ეთერში გასულ აუდიოჩანაწერებში ნახსენები ფრაზები “მინისტრები” და “ტრი ტრი” სიტყვების მონტაჟის შედეგად არის მიღებული.
მათივე განცხადებით, ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერები 2011–2012 წლებშია ჩაწერილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, 2021 წლის 12 მარტს ამბობდა, რომ ჩანაწერები 11 წლის წინ იყო ჩაწერილი, ბერას მიერ ნახსენებ “მინისტრებს” კი იმით განმარტავდა, რომ მას კომუნიკაცია ჰქონდა წინა ხელისუფლებაში მყოფ რამდენიმე მინისტრთან.