თუ გაერთიანებას შინაარსი არ აქვს და ხალხისთვის არაფერს ცვლის, რა საჭიროა? – ჩერგოლეიშვილი

‘თუ გაერთიანებას შინაარსი არ აქვს და ხალხისთვის არაფერს ცვლის, რა საჭიროა? ” – აცხადებს ამის შესახებ, ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ერთობა ძალიან კარგია – ევროპული მომავლის, ნაფიცი მსაჯულების, მტრის წინააღმდეგ ერთობას რა ჯობია, მაგრამ მას შინაარსი უნდა ჰქონდეს. ჩვენ პოლიტიკის სხვა პარტიებისგან განსხვავებული აღქმა გვაქვს, ძალიან ეგოცენტრულია მათი პოლიტიკა, მე ვერ ვხვდები, მე და სტრატეგია აღმაშენებელი ან მე და ლელო რომ გავერთიანდეთ, ეს ხალხისთვის რას ცვლის. სტრატეგიული ერთობა იქნება თუ შინაარსობრივი, მე მაინტერესებს, რას მოუტანს ის ამომრჩეველს. მე ვარ კონცენტრირებული ამომრჩევლის ინტერესებზე. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს, მაგალითად, გენოციდის აღიარების პროექტი – ამომრჩეველმა უკვე იცის, რომ ჩვენ თუ გვექნება გავლენა, ვიზრუნებთ იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე გენოციდად შეფასდეს ქართველების გენოციდი, ის დანაშაულები, რაც აფხაზეთში რუსეთმა ჩაიდინა. ვთვლით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ეს მიგვაჩნია ხალხისთვის საინტერესო თემად.

ევროპულ საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ მართლმსაჯულება იყოს უკეთესი და ქართველმა ადამიანმა ცვლილებით ის მიიღოს, რომ სამართალს იპოვის სასამართლოში, არა კლანის პირობებში, არამედ სამართლიან, დაბალანსებულ სასამართლოში და ამისთვის ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რეფორმა გამზადებული. მზად ვართ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ველაპარაკოთ და ველაპარაკეთ კიდეც, ერთი ასეთი შეხვედრა უკვე გაიმართა თავისუფლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული. გვინდა ერთიანობა იმაზე, რომ შევთანხმდეთ, ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გაფართოვდება და ყველაფერს მოიცავს, რომ მოსამართლეებს ძალაუფლება დავუბალანსოთ მოქალაქეებით და არ იყოს დანიშნული მოსამართლეების გადასაწყვეტი მოქალაქეების ბედი.[…] ჩვენ გვაქვს რესტიტუციის თემა და გვინდა, რომ ბოლშევიკების მიერ წართმეული ეკლესიები დავუბრუნოთ რელიგიურ უმცირესობებს. გვაინტერესებს ერთობა ამ საკითხის გარშემო, იმიტომ, რომ ვთვლით, თუ ჩვენ ამ თემას დავალაგებთ, მართლმადიდებელ მრევლთან და, მათ შორის, კათოლიკე იქნება ეს თუ სომხური ეკლესიის მრევლი, ეცოდინება, ჩვენი გეგმა რა არის, საკუთარ თავს დაინახავს ჩვენს დღის წესრიგში. დემოკრატიამ და არჩევნებმა რომ იმუშავოს, ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში. ნაყიდმა ხალხმმა კი არა, ანთებულმა ადამიანებმა, რომლებიც თვითინტერესს იცავენ”.-ამბობს ჩერგოლეიშვილი.