თუ გვინდა, ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება იყოს, თავისუფლება უნდა მივცეთ – ჯაფარიძე

გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ახალგაზრდებს პატრიოტულ სულისკვეთებას ხელოვნურად ვერ ჩავუნერგავთ, რასაც ქართული სკოლები დღესაც ცდილობენ.

“პატრიოტიზის სულისკვეთება ხელოვნურად არ ჩნდება და ახალგაზრდების ინდოქტრინაცია, რომ მათში სულისკვეთება რაღაცნაირად ჩანერგონ, ეს კი, ახლაც ხდება ჩვენს სკოლებში. ვასწავლით რაღაც ზღაპრებს საკუთარი ისტორიიდან და გვინდა, რომ ვითომ რაღაცა პატრიოტები გავზარდოთ, მერე სუფრაზე ჭიქებს ვაჭახუნებინებთ. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმდენად ყალბია, რომ იფანტება. სინამდვილეში, ადამიანები იცავენ საკუთარ საკუთრებას და თავისუფლებას”,- ამბობს ჯაფარიძე.

მისი განცხადებით, საქართველოში ახალგაზრდებს მონებივით ექცევიან, შემდეგ კი პატრიოტობას თხოვენ, რაც, “სიგიჟეა”.

“ქვეყანა, სადაც საკუთარი სახელმწიფო ახალგაზრდას ექცევა როგორც მონას, რომელსაც ჯერ სკოლაში როგორც ციხეში ისე დაათრევს და თავში უტენის ათას სისულელეს და იქიდან ტვინგამოფიტულს და იმ უნარებდაკარგულს, რაც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში სჭირდებოდეს, უშვებს რეალურს ცხოვრებაში. მერე ხელს ჰკიდებს და 1 წელი ვიშკაზე აყენებს, სადაც გაცივდება, ჯანმრთელობის პრობლემები ექნება, იქიდან გამოვა და სამსახურს ვერ იშოვის. სახელმწიფო როცა ანადგურებს ადამიანს და მერე ახალგაზრდებს შენ მიდიხარ და თხოვ, პატრიოტი რა პონტში არ ხარ, ძმაო, საქართველო არ  გიყვარს, სამშობლო არ გიყვარს?! ეს არის სიგიჟე, ჩემი აზრით”,- თქვა გირჩის ლიდერმა.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ “თუ ჩვენ გვინდა, რომ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთება იყოს, ამ ახალგაზრდებს თავისუფლება უნდა მისცე”.

“თავისუფლებაზე ძვირფასი ადამიანისთვის არ არის არაფერი. თუ თავისუფლება ექნება, საკუთრება ექნება და საკუთარ ცხოვრებას თვითონ განკარგავენ, მერე იმის სურვილიც ექნებათ, რომ ეს დაიცვან, როგორც კი ამას ვიღაცა შეეხება. თუ შენ მონახარ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისი მონა ხარ, პუტინის თუ აქაური მთავრობის, რა განსხვავებაა იმისთვის? არანაირი!”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში.