“თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე ” – საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან წერილს ავრცელებს, რომელიც “მთავარი არხის” დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, თავისუფლების მოედანზე გააჟღერა.
” მოგესალმებით, სამარტოო საკნიდან. ტელეეკრანის შემყურე დარჩენილ სიცოცხლეს გაცვლიდი იმაში რომ თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენს მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდნეაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით, ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილი ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა ჰქონდეთ ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი.
რატომ ვარ დღეს საქართველოში
მე აქ ვარ რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში, უემოციოდ ვერ ვუყურებ როგორ გარბის მასობრივად ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო წესიერი, ნიჭიერი და მშრომელი დამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი ამას სიკვდილი მირჩევნია. ამიტომაც ვარ აქ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე აქ და ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში, სიღატაკის, კორუფციის, ნგრევის და უსამართლებოის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც პუტინის რუსეთში მიათრევს ჩვენს საქართველოს, ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს. ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების, განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა. ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, ციხეში მყოფნი და თავისუფლებაზე მყოფნი. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის, არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის საჭირო ერთიანობაა.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება შერიგება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ქვეყნისთვის აუცილებელია შევწყვიტოთ დამცირება და ზიზღი, მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ.
კიდევ ერთი რევანში და შურისძიება მორალურად გაანადგურებს ჩვენს საზოგადოებას და საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანას. წინ დიდი ცვლილებები გველის მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ, გვერდით გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორბის გარეშე, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა. ერთმანეთზე გაბოროტებული საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე ქვეყანა, არასდროს შეუქმნია რაიმე ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშზე და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი! ძირს ხელჩამოშვებულობა და ნიჰილიზმი!30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე დავიცვათ თითოეული ხმა და შემდეგ ერთად ვიზეიმოთ ნიკა მელიას გამარჯვება თბილისში, ხატია დეკანოიძის გამარჯვება ქუთაისში, გიორგი კირთაძის გამარჯვება ბათუმში, ანზორ მელიას გამარჯვება ზუგდიდში, დავით კირკიტაძის გამარჯვება რუსთავში, გიგი უგულავას გამარჯვება ფოთში, კობა ნაყოფიას გამარჯვება სენაკში, გიორგი ბოტკოველის გამარჯვება თელავში, იოსებ ბუაძის გამარჯვება ხაშურში, ნიკოლოზ ახალკაცის გამარჯვება ქარელში, გიორგი რობაქიძის გამარჯვება ბაღდათში, ზაზა მეტრეველის გამარჯვება წყალტუბოში, თემურ ჯანაშიას გამარჯვება მარტვილში, ბესო შენგელიას გამარჯვება ხობში, გიორგი ხარჩილავას გამარჯვება წალენჯიხაში, ბადრი ქარჩავას გამარჯვება ჩხოროწყუში, მიშა ობოლაძის გამარჯვება ხელვაჩაურში და ჩვენი ყველას ერთად გამარჯვება საქართველოში. ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა გადასადგმელი და ივანიშვილის რეჟიმი – ეს სიცრუის, ბოროტების, ჩაგვრის და ღალატის კართაგენი აუცილებლად დაინგრევა. ბნელი შეიცვლება ნათელით, ბოროტს სძლევს კეთილი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. აბა თქვენ იცით, თქვენი დიდი სიყვარულით და გამარჯვების ურყევი რწმენით, მიხეილ სააკაშვილი”- ნათქვამია წერილში.