თუ გვიღირს, 2022 წელს ვადამდელის ხელმოწერილი დაპირება მივიღოთ, შესაძლოა ვიმსჯელოთ – სამადაშვილი

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ერთპარტიული პარლამენტი სახელმწიფოს მარცხია და ეს ოპოზიციის გამარჯვება ვერ იქნება.

მისივე განცხადებით, თუ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება შედგება, ოპოზიციამ შესაძლოა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას, თუმცა, ეს შეთანხმება ვერ იქნება ისეთ საკითხებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ინტერესებშია.

სამადაშვილის აზრით, შესაძლოა ოპოზიციამ იმსჯელოს ვადამდელი არჩევნების 2022 წელს ჩატარებაზე, თუ ხელმოწერილ დაპირებას მიიღებს.

“ოპოზიცია ძალიან მშვიდად პრაგმატულად, ზედმეტი ეგოების შეჯიბრის და არაჯანსაღი მიდგომების გარეშე უნდა დასხდეს საერთო მაგიდის გარშემო და იმსჯელოს რა არის მის ინტერესებში. თუ გვიღირს, რომ 2022 წელს მივიღოთ ხელმოწერილი დაპირება ვადამდელი არჩევნების და ბევრი სხვა პირობების მიყოლებით შესაძლოა, ამაზე ვიმსჯელოთ. როცა არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ეს ხელისუფლება არის დასრულებული.

არ მომწონს ის პროცესები, რასაც ოპოზიციაში ვხედავ. ამას ეგოების შეჯიბრს დავარქმევდი, პრაგმატულ დისკუსიას ვერ ვხედავ და იმედია, ოპოზიცია ამ ფორმატს მალევე დაუბრუნდება. ზედმეტი საჯარო თავდასხმები, რომლის არსსაც ვერ ვხედავ, ალბათ ჯობია, რომ ძალიან საქმიანი დისკუსია ჰქონდეს ოპოზიციას მუდმივად მაგიდის გარშემო და შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.