“თუ ესეთი დაბალი რანგის, უმნიშვნელო,ფულზე გაყიდული ორპირი ხალხია ან რას ხვდებით და ან რას აქეიფებთ?“–მწვავე ანგარიშის ავტორი ორი კონგრესმენი საქართველოს ორჯერ სტუმრობდა

ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის ავტორი 13 ამერიკელი კონგრესმენიდან ორი საქართველოში ნამყოფია და ქართული ოცნების ლიდერებსაც კარგად იცნობს. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი წერს და შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს:

“იმ 13 კონგრესმენიდან რომელთა ხელმოწერაც 147 კონგრესმენისგან შემდგარი კონსერვატიული ჯგუფის (Republican Study Committee – RSC) სახელით გამოქვეყნებულ ანგარიშზეა და რომელთაც ირაკლი კობახიძემ ლამის აგინა, მინიმუმ ორს – ალექს მუნის და ჯო ვილსონს თავად კობახიძე და არჩილ თალაკვაძე არაერთხელ შეხვედრიან. ჯო ვილსონის ხელმძღვანელობით კონგრესმენთა დელეგაცია ორჯერ იყო საქართველოში და მასპინძელი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში სწორედ კობახიძე იყო. სულ ბოლოს, ჯო ვილსონს არჩილ თალაკვაძე ვაშინგტონში წელს, 7 თებერვალს შეხვდა. ჰოდა ბატონებო, თუ ესეთი დაბალი რანგის, უმნიშვნელო და თან ფულზე გაყიდული ორპირი ხალხია ან რას ხვდებით და ან რას აქეიფებთ?(ფოტოზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მასპინძლობს ჯო ვილსონს. შეხვედრების ლინკები იხილეთ კომენტარებში)„– წერს კანდელაკი.

ამ ვიზიტის და შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები პარლამენტის გვერდზეც იძებნება.

ვიზიტი 2017 წლის აგვისტოში შედგა.

პრესრელიზში ნათქვამია:

“პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესის დელეგაციას კონგრესმენ ჯო უილსონის ხელმძღვანელობით სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტზე, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე.

საუბრის ძირითადი თემა იყო გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარების საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები.“