ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია – გახარია მელიას დაკავებაზე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება, როცა ეს პოლიტიკური ესკალაციის რისკს ქმნის, მიუღებელია.

„ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც კანონმდებლობას პატივს არასდროს სცემდა და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდებდა პარლამენტის შტურმისკენ. ის იყო პარლამენტში შეჭრის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკ უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, არის მიუღებელი”,– თქვა მან.

მისივე განცხადებით, გუნდთან ამ საკითხზე თანხმობას ვერ მიაღწია.

“სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე. მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არის ყველზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის და ეკონომიკური განვიტრების“, – განაცხადა გახარიამ.