პარტია გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ ქართული ოცნება ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს დათანხმდა, ისინი პარლამენტში შევლენ.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ზურაბ ჯაფარიძე მორალურად იქნება ვალდებული, მათთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.
“ჩვენ გვინდა გავიგოთ, რომ რომელიღაც მხარე უარს ამბობს ხელისუფლების ერთპიროვნულად ხელში აღებაზე. მე მინდა, რომ ზურა ჯაფარიძე შემოვიდეს პარლამენტში. ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ ეს წინადადება იქნება. ზურაბ ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი. თუ ეს პირობა იდება, ზურაბ ჯაფარიძეს მორალურად ევალება, შემოვიდეს. მან თქვა, ეს არის მარსზე ნაკვეთიო. თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს”,– თქვა მეგრელიშვილი ფორმულას ეთერში.
მისი თქმით, თუ ხელისუფლება უბარიერო საარჩევნო სისტემაზე დათანხმდება და პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიებიც არ შევლენ, მათთან ერთად ვერ დარჩება.
“თუ ქართულმა ოცნებამ დაგვარწმუნა იმაში, რომ მას არ სურს ამ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია მეტად, მეტად იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ის დათანხმდა მართლა პროპორციულ არჩევნებს და ვიღაც პარტიები და პოლიტიკოსები ამაზე არ მოდიან, მე რა მინდა იმ ხალხთან ერთად?! რა სიტუაციაში შეიძლება დავრჩე მე იმ ხალხთან ერთად, რომელიც აპირებს, რომ ხელისუფლების უზურპაციით ისარგებლოს იმ შემთხვევაში და ვთქვათ, მიშა სააკაშვილი გახდეს შემდეგი უზურპატორი”, – აღნიშნავს ის და კითხვაზე, შევა თუ არა პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიების გარეშე, ასე პასუხობს:
“არათუ შევალ, ვეცდები, რომ ქართულ ოცნებასთან ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ხალხს ჩავუხსნათ მანდატები, ყველაფერი ვუქნათ, ისეთი რამეები, რომ ამ ხალხს პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეთ. სიმართლე იქნება ის, რომ ვიღაცა ხალხმა ამ ქვეყანაში ერთერთი მნიშნველოვანი შანსი არ გამოიყენა და ამის გამო მათ პასუხი უნდა აგონ ყველანაირად”,– თქვა მეგრელიშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ პარტია გირჩი აცხადებდა, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებდნენ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ განახორციელებდნენ. მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების დარწმუნებას შეძლებს.
პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ხელისუფლება არანაირ 0%–იან ბარიერს არ დათანხმდება, თუმცა “ვიღაცები გაიპრავებენ პარლამენტში შესვლას”.