პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ თუ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგა, გადაწყვეტილება მედიატორებმა მიიღონ.
“მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ტოტალური შეუთანხმობლობის პირობებში, ჩვენს მეგობრებს, დასავლელ პარტნიორებს, და მადლობა ღმერთს, რომ ევროსაბჭოს უწევს ჩვენი საკითხის მოგვარება და არა, სიტყვაზე, რუსეთს, ან ვინმე ჩვენს მტერს, მათ უწევთ მოგვარება და მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, როგორ წარმოუდგენიათ შეთანხმების გზები. ჩვენ, ვინც არ უნდა ვიყოთ მეორე მხარეს, ვისაც ამ ქვეყნის დასავლურ მომავალზე შეგვტკივა გული, ამას უნდა დავემორჩილოთ. კარგი არ არის, ჩვენზე, პოლიტიკურ სპექტრზე ეს კარგად არ მოქმედებს, მაგრამ თუ ვერ ვთანხმდებით, ჯობია, რომ ჩვენმა მეგობრებმა, ევროპელებმა შეგვათანხმონ, ვიდრე სხვა რამე მოხდეს”,– ამბობს ხვიჩია რუსთავი 2–ის ეთერში.
მისივე განმარტებით, მედიატორების გადაწყვეტილების შესრულება მხარეებისთვის მორალურად სავალდებულო უნდა იყოს.
“წარმოიდგინეთ, რომ მათ გადაწყვეტილებას ჰქონდეს სასამართლო გადაწყვეტილების ძალა. თუ ჩვენ ვერ შევთანხმდით, სასამართლო ყველაფერს აკეთებს მორიგებისთვის, ეს ყველაფერი, მედიაცია, არის მორიგების საშუალება. ვერ შევრიგდით და იმას, რომ კონფლიქტი გაგრძელდეს და კიდევ გავაგრძელოთ ჩხუბი. ჯობია, რომ მათ მიიღონ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო იქნება, მორალურად, რა თქმა უნდა”,– აცხადებს იაგო ხვიჩია.
ცნობისთვის, ამ წუთებში ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიაციით პირველი შეხვედრა იმართება.