თუ ადგილობრივზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, ოცნება 2022-ში ვადამდელს გვთავაზობდა – ელისაშვილი

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება ოპოზიციას 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას სთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, რაზეც ოპოზიციამ უარი თქვა.

მისივე თქმით, მმართველი პარტია თანახმა იყო სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმირებაზეც.

“მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი. როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია.

საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო საურვილი, რომ აღნიშნული საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. “ქართული ოცნების” მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. იყო მსჯელობა 45% თუ 40%, “ქართული ოცნების” კომპრომისი იყო, რომ 40%-ზე იყო თანახმა”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ თავისი თავი ამოწურა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.