აფრიკის დასახლების მცხოვრები ნოდარ საბრაძე თბილისის მერის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ თუ თბილისის მერი მას დაუმტკიცებს, რომ რაიმე შემოსავალი აქვს, თავად დაიქირავებს ტრაქტორს და საკუთარ აშენებულ სახლს დაანგრევს.
მისი თქმით, მის მამას ნამდვილად აქვს მიწა, მაგრამ მასთან 32 წელია შეხება არ ჰქონია, ხოლო დედამისი ინდ. მეწარმე 1 თვის განმავლობაში იყო და შემდეგ ობიექტი დახურა.
“კალაძე გამოსულა და ისევ იგივეს იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს გაფორმებული რაღაც 1 600 კვადრატული მეტრი, 32 წელია მამაჩემთან მე ურთიერთობა არ მაქვს, შეხება არ მაქვს. მე მასთან არ ვცხოვრობ 5 წლის ასაკიდან. თუ დამიმტკიცებს ხვალ, რომ მე რაიმე შემოსავალი მაქვს, მამაჩემთან ვცხოვრობ და რამით მეხმარება, მე თვითონ დავიქირავებ ხვალვე ტრაქტორს და დავანგრევ ჩემს შენობას, რაც ავაშენე. დედაჩემი ინდ.მეწარმე იყო, მხოლოდ 1 თვე ვიხმარეთ, კაფე გავხსენით და ისაც 1 თვეში დავკეტეთ”,– ამბობს აფრიკის დასახლების მცხოვრები.
დღეს, 16 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ 6 ადამიანის სახელისა და გვარის ინიციალები ჩამოთვალა და თქვა, რომ ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების სახელებზე რეგისტრირებულია სახლები თბილისსა და რეგიონებში, ასევე მიწები და მოძრავი ქონება.
გუშინ მერიამ აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. პოლიციასთან დაპირისპირების დროს რამდენიმე მოქალაქე დაშავდა, 10-მდე ადამიანი კი დააკავეს.