თუ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, ჩვენი იდეაა, რომ ახალი ცვლილების ინიცირება გავაკეთოთ, – ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ამნისტიის ორივე კანონპროექტის დაინიცირება მოხდა, ამიტომ სამშაბათს ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილები ვიქნებით. საზოგადოებას შეგვიძლია ვუთხრათ, რომ არცერთი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი პარლამენტში ჩვენი ჩართულობის გარეშე არ დარჩება. ჩვენი იდეაა, რომ თუ პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს ამ ცვლილებებს, მაშინ შესაბამისი ცვლილების ინიცირება გავაკეთოთ, რომ გამოსწორდეს ვითარება რაც შეიქმნა. ჩვენ უახლოეს მომავალში ვაპირებთ აქტიურ კონსულტაციებს, როგორც საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე საზოგადოებრივ ჯგუფებთან იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ შეთანხმების შესრულება. ბატონი მამუკა ხაზარაძე ხვალ შეხვდება ნიკა მელიას და ნიკას გათავისუფლების თემაზეც გვქონდა საუბარი. ჩვენი შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემდგომი ამოცანა არის სწორედ ნიკას გამოშვება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.