თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სია, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა – ოქრიაშვილი

თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოების სია, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა – აცხადებს პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.

„ვაფიქსირებ პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. ამ კანონის მიღების აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საქართველოს მტერი, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული თანხების გაკონტროლება პრაქტიკულად არ ხდება. რუსეთის 100 000-ობით მოქალაქეს, რომელთა შორის, კაცმა არ იცის, ვინ ვინ არის, ბოლო წლებში, ოფიციალური გადმორიცხვებით, საქართველოში მილიარდები შემოაქვს, ნაღდი ფული კი საერთოდ არ კონტროლდება. ეს კანონი, რუსეთთან მიმართებაში, ვერ იმუშავებს, „უკბილო“ იქნება!

მაგრამ მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონის მიზანია, გააკონტროლოს განვითარებული ქვეყნებიდან (ჩვენი მეგობრებისგან) საქართველოში დემოკრატიის მშენებლობისთვის ჩამორიცხული თანხები. აქვე ჩანს, რომ „ოცნება“ რუსეთის პოლიტიკას ატარებს ჩვენს ქვეყანაში.

თუ მაინც მიიღეს „აგენტების“ კანონი, მასთან ერთად უნდა დამტკიცდეს იმ ქვეყნების ჩამონათვალიც, ვისაც კანონი შეეხება. ეს უნდა იყოს არადემოკრატიული, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები, როგორიცაა რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა და სხვა … სია მსჯელობის საგანია. ამ სიაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდნენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის მშენებლობით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავლის მშენებლობაში გვეხმარებიან.

– არ იქნება დემოკრატია – არ გვექნება მომავალი! დღეს არც დემოკრატია გვაქვს, არც მომავალი და ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. თუ იქნება დემოკრატია, ხალხი დაბრუნდება საქართველოში და შრომის ღირსეული პირობები და ანაზღაურებაც ექნება.

– იქნება დემოკრატია ? – იქნება შანსი, რომ ეკონომიკა განვითარდეს. დემოკრატია ეკონომიკის განვითარების აუცილებელი პირობაა!

– განვითარდება ეკონომიკა? – ყველას შრომის ღირსეული ანაზღაურება ექნება!

– განვაგრძობთ არადემოკრატიული კანონების მიღებას, როგორიცაა „აგენტების“ კანონი და მმართველი გუნდის მიერ უკვე მიღებული პოლიტიკური კონკურენციის შემზღუდავი უამრავი კანონი, მაგალითად საარჩევნო კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს „ოცნების“ დომინირებას პოლიტიკურ ველზე, ოპონენტების დაჭერას, თავისუფალი აზრის განადგურებას და ა.შ. – ე.ი. წავშლით ქვეყნის მომავალს!

– შეეგუება საზოგადოება ასეთ კანონებს ? – არ გვექნება დემოკრატია და მომავალი!

დღეს სახელმწიფოსა და ხალხის ნათელ მომავალს შორის ერთადერთი ბარიერი არსებობს – „ქართული ოცნება“.

საქართველო „ოცნების“ გარეშე და ახალი, პროგრესული, პროდასავლური პოლიტიკური ძალები არის ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.