თუ მანდატებს აითვისებენ და შემდეგ არ ივლიან, დაფინანსება არ შეუწყდებათ – წულუკიანი ოპოზიციას

ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის თქმით, “მებოიკოტეების და ქუჩის საბოტაჟნიკების” განსხვევება ძნელია.

“პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან თუ ქუჩის საბოტაჟნიკები, ასე დავარქვათ, ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ დ ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა.

ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნაციონალური მოძრაობას და მისი სხვადასხვა განყოფილებას, იქნება ეს ევროპული საქართველო, გირჩი-მირჩი, კიდევ არ ვიცი, რა ჰქვიათ, აღმაშენებელი, სამეფო პარტია ასეთი, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ ვთქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ”,– თქვა წულუკიანმა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია მანდატებს აითვისებს, თუმცა შემდგომ პარლამენტში არ ივლიან, დაფინანსება არ შეუწყდებათ.