თუ მელიას დაიჭერენ, მოლაპარაკება ჩაიშლება – იაგო ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაიჭერენ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩაიშლება.

“ჩაიშლება მოლაპარაკების პროცესი, აზრი არ ექნება მოლაპარაკებას, თუ მელია ციხეში იქნება. ნიკა მელიას თუ დაიჭერ და ციხეში ჩასვამ, რა მოლაპარაკება უნდა გააგრძელო?” – განაცხადა ხვიჩიამ.

წამყვანის კითხვაზე, მელიას დაკავების შემთხვევაში პარლამენტის მანდატებს თუ გამოითხოვენ, ხვიჩია პასუხობს, რომ რაღაც პერიოდში ისედაც მოუწევთ მანდატებზე უარის თქმა, რადგან მოლაპარაკებები ჩაიშლება.

“[დაკავება] მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველია. გასაგები იქნება, რომ მოლაპარაკება საბოლოოდ არ უნდა ქართულ ოცნებას და ჩაჭრა ბოლომდე გზები”, – თქვა ხვიჩიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მელიას დაჭერის შემთხვევაში ბუნებრივი ბარიერით საარჩევნო სისტემაზე საუბარი ამორალური იქნება.

“თუ მელიას დაიჭერენ, ყველა ადამიანს, რომელიც მე უნდა დავარწმუნო, რომ პარლამენტში შემოვიდეს, ჩემთან არგუმენტი ექნება, რომ სად შემოვიდე, კაცი დაიჭირეს, ამორალური იქნება”, – აცხადებს ხვიჩია.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ხვალ ეწურა, შემდეგ კი, პროკურატურის განცხადებით, მიმართავენ სასამართლოს შუამდგომლობის პატიმრობით შეცვლის მოთოხვნით. ენმ–ს თავმჯდომარე გირაოს გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ მას ვერ დაიჭერენ.