თუ მელიას მიზანი ციხეში მემუარების წერა და განათლების გაღრმავებაა, ვერ შევზღუდავთ – ღუდუშაური

უმრავლესობის წევრი ალიდა ღუდუშაური ამბობს, რომ ოპოზიციას დესტრუქციული ქმედებებით ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა.

მისი განცხადებით, თუ ნიკა მელიას მიზანი “ციხეში მემუარების წერა ან განათლების გაღრმავებაა, ამაში ვერავინ შეზღუდავს.”

“პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მიმართოს სასამართლოს, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ჩვენ გვესმის იქედნური საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არ უწყობს ხელს ქვეყანაში სტაბილურ მდგომარეობას. დესტრუქციული ძალები არიან და სურთ დესტრუქციული ქმედებებით როგორმე არიონ ქვეყანა და მოვიდნენ ხელისუფლებაში.

რაც შეეხება იმას, რომ ბატონი ნიკანორ მელია არ აპირებს გირაოს გადახდას, რა ვქნათ ახლა? – არ აპირებს და თუ მდგომარეობა არის რომ მიეცეს თვითგვემას, მისი მიზანი თუ არის, რომ იყოს ციხეში და იქ მემუარები წეროს, წიგნები წაიკითხოს თუ განათლება გაიღრმავოს, მისი არჩევანია, ჩვენ ამაში ვერ შევზღუდავთ,”- ამბობს ალუდა ღუდუშაური.