„ეს არ არის შინაარსობრივი, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ეს არის ვეტოსთან ახლოს მდგომი დოკუმენტი, რომელიც არის წმინდად ფორმალისტური თვალსაზრისით, ვეტოს მსგავსი შინაარსის შემცვლელი. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი პრეზიდენტად წოდებული პირი ევროპელობაზე დებს თავს, ევროპულ ღირებულებებზე და ფასეულობებზე და თუ მას მართლა მიაჩნდა, რომ ეს კანონი პრობლემატურია, რატომ არ დაასაბუთა, რატომ არ გაწერა კონკრეტული მოტივირებული შენიშვნები, რატომ არ ახსნა? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ევროპული, ვინაიდან ევროპის ღირებულებები ეფუძნება განსხვავებული აზრის პატივისცემას, მოსმენის კულტურას, დისკუსიას. თან ევროპელობაზე დებდე თავს და ამ ყველაფრისგან დაცლილი იყო, გასაგებია რომ ფორმალურადაა ჯერ კიდევ პრეზიდენტი, მაგრამ თუკი იყენებ ამ უფლებას, აქ მაინც ასახე დოკუმენტში, რომ სივრცე იყოს მსჯელობისთვის.
ხომ ძალიან ძლიერად არიან აღჭურვილნი არგუმენტებში, მაშინ როგორ შეიძლება არგუმენტი გქონდეს და ვერ დაწერო ტექსტში? როგორ შეიძლება ამხელდე ვინმეს, რომ არგუმენტები ჩვენ არ გვაქვს და მათ აქვთ და ამას ვერ წერდე? ამას ვერ წერენ იმიტომ, რომ არ აქვთ არგუმენტები. ჩვენ პროცედურული თვალსაზრისით ამ ფორმალურ ვეტოსაც, რა თქმა უნდა, განვიხილავთ და შესაბამისი პროცედურების დაცვით დავძლევთ”,
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.